English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ირაკლი გაბრიაძე
ინსტიტუციები და განვითარება: პოსტ-საბჭოთა სივრცის გამოცდილება

რეზიუმე. სტატიაში პოსტ-საბჭოთა სივრცის გამოცდილებაზე დაყრდნობით გაანალიზებულია დამოკიდებულება, ქვეყნის ინსტიტუციურ გარემოსა და ეკონომიკურ განვითარებას შორის. კერძოდ, განხილულია ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუციების როლი მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლების განსაზღვრაში. ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუციების ანალიზისთვის ვიყენებთ მათი ხარისხის საზომებს მსოფლიო ბანკის მსოფლიოს მმართველობის ინდიკატორებიდან და პროექტ Polity IV-ს ბაზიდან. სტატისტიკურად სარწმუნო შედეგების მისაღებად შემოთავაზებული რეგრესიული მოდელის შეფასებას ვახდენთ   ინსტრუმენტული ცვლადების მეთოდით. შეფასებისას ვიყენებთ  როგორც ჯვარედინ ასევე პანელურ მონაცემებს.  კვლევის ძირითადი შედეგი არის ის, რომ  შერჩევაში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობის განსაზღვრის პროცესში  მნიშვნელოვან როლს თამაშობენ არაფორმალური ინსტიტუციები,   ხოლო ფორმალური ინსტიტუციების გავლენა შედარებით სუსტია. სტატიის ავტორის აზრით, ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი შესაძლოა იყოს ის გარემოება, რომ განხილულ ქვეყნებში, ერთი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემიდან მეორეზე გადასვლისას, ფორმალურ ინსტიტუციებში განხორციელებული მრავალმხრივი ცვლილებები თავსებადი არ აღმოჩნდა ჩამოყალიბებულ არაფორმალურ ინსტიტუციებთან, შედეგად ცვლილებები პრაქტიკაში სათანადოდ არ აისახება  ადამიანთა ქცევასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.  

JEL codes: O43, P14, P20, P30

საკვანძოსიტყვები: ინსტიტუციები, ეკონომიკური განვითარება, პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნები, გარდამავალი ეკონომიკა 

შესავალი

თითქმის თანაბარ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნები დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგ  ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ეკონომიკური განვითარების დონით (იხ. ნახ. 1).  ერთი მხრივ, არიან ქვეყნები, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს და დღეს განვითარებად სახელმწიფოებად იწოდებიან;  მეორე მხრივ, ქვეყნების ნაწილი ჯერ კიდევ ეკონომიკური განვითარების დაბალ საფეხურზე იმყოფება. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ მიაღწია  ქვეყნების ერთმა ნაწილმა სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, მაშინ როცა მეორე ნაწილმა ეს ვერ შეძლო?

 

ნახაზი 1: მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის მიხედვით შესწორებული მშპ მოსახლეობის ერთ სულზე

ასამოღლუ, ჯონსონი და რობინსონი (Acemoglu, Johnson, and Robinson 2005) აღნიშნავენ, რომ ნეოკლასიკური ეკონომიკური ზრდის მოდელები (Cass 1965; Koopmans 1963; Solow 1956) ქვეყნებს შორის შემოსავლების განსხვავების ძირითად გამომწვევ მიზეზად განიხილავენ ფაქტორთა აკუმულაციას, მაგრამ ეს მოდელები უძლურია უპასუხონ კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ ახერხებს ქვეყნების ერთი ნაწილი მეტი რესურსის გამოყოფას ფაქტორების აკუმულირებისთვის, ვიდრე სხვა დანარჩენები.  ნორთი და ტომასი (Douglass C. North and Thomas 1973) ამტკიცებენ, რომ ნეოკლასიკურ მოდელებში განხილული ზრდის ფაქტორები (ინოვაციები, კაპიტალის აკუმულირება, ინვესტიციები) თვითონ წარმოადგენენ ეკონომიკურ ზრდას და არა მის გამომწვევ მიზეზს. ეს ავტორები ეკონომიკურ განვითარებაში განსხვავების ძირითად გამომწვევ  მიზეზად ასახელებენ ქვეყნების ინსტიტუციურ გარემოს შორის განსხვავებას.

ინსტიტუციების ყველაზე ხშირად გამოყენებადი დეფინიციის მიხედვით, რომელიც ეკუთვნის დუგლას ნორთს (Douglass C North 1990), ინსტიტუციები არის საზოგადოებაში ჩამოყალიბებული თამაშის წესები (rules of the game), უფრო ფორმალურად კი - საზოგადოების მიერ თავის თავისთვის დაწესებული შეზღუდ­ვები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანების ინტერაქციას და ამ ინტერაქციის მოტივებს. დღესდღეობით, ეკონომისტები თანხმდებიან, რომ ინსტიტუციური გარემო  ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყანაში შემოსავლების დონის განსაზღვრაში (Acemoglu 1995; Acemoglu, Johnson, and Robinson 2001; Glaeser et al. 2004; Knack and Keefer 1995; Douglass C North 1991; Douglass Cecil North 1990). ამავე დროს, არსებობს  უთანხმოება იმის შესახებ, თუ რომელი ტიპის ინსტიტუციებია ყველაზე მნიშვნელოვანი.

ჯერარდ როულანდი (Roland 2004) ინსტიტუციებს ჰყოფს 2 ნაწილად: არა­ფორმალური (ნელა ცვალებადი) და ფორმალური ინსტიტუციები (სწრაფად ცვალება­დი). არაფორმალური ინსტიტუციების ქვეშ იგულისხმება კულტურა, ჩვევები, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებები და ნორმები, საზოგადოების მსოფლმხედველობა და ა.შ.. ამ ტიპის ინსტიტუციების ძირითადი თავისებურებაა დროში ნელი ცვლილება.  ფორმალურ ინსტიტუციებში კი იგულისხმება კონსტი­ტუცია, კანონები და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ფუნქცია-მოვალეობების განმსაზღვრელი დოკუმენტები, რომელთა ცვლილებაც დროის შედარებით მცირე მონაკვეთშია შესაძლებელი. როგორც ჯეფრი ჰოდგსონი (Hodgson 2006) აღნიშნავს, ასევე გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკაში ხშირად არის სიტუაციები, როდესაც ფორმალურად ჩამოყალიბებული კანონები არ მუშაობს, რადგანაც ისინი  არათავსებადია არაფორმალურ ინსტიტუციებთან. მაშასადამე,  რომ გავიგოთ თუ როგორ ყალიბდება ქვეყნის ინსტიტუციონალური გარემო და როგორ განისაზღვრება მისი შესაბამისი ცხოვრების დონე, აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ ინსტიტუციების  ორივე ჯგუფი.

საბჭოთა კავშირის დაშლამ ბიძგი მისცა (ეგზოგენური შოკი) პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნების სწრაფ ტრანსფორმაციას გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე, რასაც მოჰყვა ფართო მასშტაბიანი ინსტიტუციური რეფორმები. რეფორმები, მეტ-ნაკლები წარმატებით, ძირითადად განხორციელდა  ფორმალური ინსტიტუციებში.  ზოგიერთ ქვეყანაში დაწერილმა „იდეალურმა“ კანო­ნებ­მა პრაქტიკაში ვერ იმუშავა. ამ ფაქტის  ერთ-ერთი შესაძლო ახსნა არის სწორედ ის, რომ აღნიშნული ფორმალური ცვლილებები არ აღმოჩნდა თავსებადი ქვეყნებში ჩამოყალიბებულ არაფორმალურ გარემოსთან, შესაბამისად, მათ გავლენა ვერ მოახდინეს ეკონომიკური აგენტების ქცევაზე. აღნიშნული ჰიპოთეზის ტესტირება ამ ნაშრომის ძირითადი მიზანია.

ინსტიტუციები: ფორმალური და არაფორმალური

1937 წელს რონალდ კოაზმა (Coase 1937) თავის გავლენიან ნაშრომში, „ფირმის ბუნება“, განიხილა ტრანზაქციული დანახარჯების კონცეფცია და აჩვენა, რომ კონკრეტულ სიტუაციებში ფირმებს შეუძლიათ შეამცირონ ტრანზაქციული დანახარჯები იმ გაურკვევლობის შემცირებით, რომელიც თან ახლავს ტრანზაქციებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში. მოგვიანებით, ნორთმა და ტომასმა (Douglass C. North and Thomas 1973) ტრანზაქციული დანახარჯების იდეა გადაიტანეს მთლიან ეკონომიკაზე და ჩამოაყალიბეს ჰიპოთეზა, რომ ტრანზაქციული დანახარჯების ზომა გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.  ავტორები აღნიშნავენ, რომ მრავალი კლასიკოსი ეკონომისტი ხაზს უსვამდა ეფექტური ბაზრის გადამწყვეტ როლს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, თუმცა ეფექტური საბაზრო მექანიზმი, როგორც წონასწორული შედეგი, მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა არ არსებობს ტრანზაქციული დანახარჯები. რეალობა კი სხვაგვარია და ტრანზაქციული დანახარჯების არსებობამ შეიძლება ქვეყანა მიიყვა­ნოს არაეფექტურ ბაზრამდე ან სულაც ბაზრის არარსებობამდე, რაც შემდეგ  გარედან ჩარევას ითხოვს (Acemoglu 1995). გარედან ჩარევაში კი იგულისხმება ინსტიტუციების ცვლილება, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ტრანზარციული დანახარჯების განსაზღვრაში და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში (Cheung 1983). მაშასადამე, ძირითადი არხი, რომლითაც ინსტიტუციები გავლენას ახდენენ ქვეყანის ეკონომიკურ ზრდაზე, არის მათი უნარი, განსაზღვრონ ტრანზაქციული დანახარ­ჯები. კარგი ინსტიტუციების პირობებში ტრანზაქციული დანახარჯები მცირდება,  ეკონომიკური საქმიანობა  უფრო მომგებიანი ხდება და ქვეყანაში კეთილდღეობის დონე იზრდება. ცუდი ინსტიტუციების პირობებში  ტრანზაქციის დანახარჯები მაღალია და, შესაბამისად, ნაკლებ ეფექტიანია   ეკონომიკური აქტიურობა.

როგორც აღინიშნა, ინსტიტუციები შეიძლება დაიყოს  ფორმალურ და არაფორ­მალურ ნაწილად. განვითარებულ ქვეყნებში მოქალაქეები ძირითადად ეყრდნობიან ფორმალურ წესებს ტრანზაქციების განხორციელებისას.  ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში კი უფრო მეტად გამოიყენება არაფორმალური ინსტიტუციები იმიტომ, რომ ფორმალური ინსტიტუციები ან არ არსებობს ან არაეფექტურია (Jütting 2003). არაფორმალურ ინსტიტუციებზე საუბრისას მათში შეგვიძლია ვიგულისხმოთ საზოგადოებაში არსებული ნდობა და ურთიერთ­პატივისცემა. როცა ქვეყანაში მაღალია ნდობა საზოგადოების სხვა წევრის მიმართ, ეს ამცირებს კონტრაქტის დადებასა და მის აღსრულებასთან დაკავშირებულ ტრანზ­აქციულ დანახარჯებს. ასევე ასეთ საზოგადოებებში მაღალია ნდობა მთავრობების მიმართ, რაც ზრდის ბიზნესის კეთების მოტივაციას საკუთრების უფლების დაცვის რისკის შემცირების ხარჯზე. შესაბამისად, მაღალი ნდობის ქვეყნებში ტრანზაქციული დანახარჯები დაბალია და მეტი დრო და რესურსი რჩება ინოვაციებისთვის და სხვა პროდუქტიული ეკონომიკური საქმიანობისთვის.

ფორმალურ ინსტიტუციებზე საუბარისას ყველაზე ხშირად განიხილება საკუთრების უფლების დაცვის და კონტრაქტის აღსრულების ინსტიტუციები. როგორც ასამოღლუ და ჯონსონი ამტკიცებენ (Acemoglu and Johnson 2005), საკუთრების დაცვის ინსტიტუციებს მიეკუთვნებიან ისინი, რომლებიც არეგულირებენ ურთიერთობას პოლიტიკურ სისტემასა და კერძო სექტორს შორის, რადგან საკუთრების უფლების ძირითადი დამრღვევი, როგორც წესი, მთავრობაა. რაც შეეხება კონტრაქტის ინსტიტუციებს, მათში იგულისხმება ორ კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობის მარეგულირებელი ინსტიტუციები, რადგან კონტრაქტი, როგორც წესი, წარმოადგენს შეთანხმებას ორ კერძო სუბიექტს შორის.

საკუთრების უფლების დაცვის ინსტიტუციების მნიშვნელობა მოდის ეკონომიკური მეცნიერების გულიდან. ეკონომიკური მეცნიერება სხვა არაფერია თუ არა, როგორ მოვახდინოთ შეზღუდული რესურსების განაწილება მაქსიმალური შედეგის  მისაღებად. ეს იდეა თავისთავად გულისხმობს კონფლიქტს შეზღუდულ რესურსებზე (A.A. Alchian 1965; Armen A. Alchian and Demsetz 1973). ამ პროცესში, როგორც მრავალი კვლევა ცხადყოფს (Acemoglu and Johnson 2005; Acemoglu, Johnson, and Robinson 2001; Angeles 2011; Leblang 1996), ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს სათანადოდ განსაზღვრული და დაცული საკუთრების უფლება.

რაც შეეხება კონტრაქტის აღსრულების ინსტიტუციებს, აქ ძირითადი დაშვება ისაა, რომ ეს არის შეთანხმება ორ სუბიექტს შორის, რომელიც არაა სრულყოფილი და არაა სრულყოფილად აღსრულებადი. ეს არასრულყოფილება ტოვებს ოპორტუ­ნისტული ქმედების რისკს ორივე მხრიდან (Kähkönen and Meagher 2002): შეიძლება არსებობდეს ძლიერი მოტივაცია კონტრაქტის მხარეებისთვის,  უარი თქვან კონტრაქ­ტის შესრულებაზე. ეს ფენომენი შეიძლება ძალიან ცუდი იყოს სოციალური გადმოსა­ხედიდან, რადგანაც ეკონომიკური ტრანზაქციები ძირითადად დაფუძნებულია კონტრაქტებზე და ამ კონტრაქტების რისკის ზრდა უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკური აქტიურობაზე (Stone, Levy, and Paredes 1992).

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ქვეყანა ცდილობდა სწრაფად ცვალებადი ფორმალური ინსტიტუციების შეცვლას, რათა მოეხდინათ ქვეყნის გეგმიური ეკონომიკის ტრანსფორმაცია საბაზრო ეკონომიკურ სისტემაზე.  დონორი ორგანიზაციებისა თუ სხვა ქვეყნის მთავრობების მხარდაჭერით მეტნაკლები წარმატებით მოხდა ახალი კანონმდებლობის შემუშავება. მაგრამ იმ ქვეყნებს, სადაც ახლად დანერგილი ფორმალური ინსტიტუციები თავსებადი არ იყო არსებულ არაფორმალურ ინსტიტუციებთან, მოუწიათ მტკივნეული გარდამავალი პროცესის გავლა. ქვეყნების მეორე ნაწილში კი აღნიშული ინსტიტუციები თავსებადი აღმოჩნდა ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ ინსტიტუციებთან და მათი ინტერაქციით  ეფექტური ინსტიტუციური გარემო ჩამოყალიბდა.

ინსტიტუციების გავლენის შეფასების მიმართულებით არსებული კვლევების უმრავლესობა, როგორც წესი, ძირითადად ყურადღებას  ფორმალურ ინსტიტუცი­ებზე ამახვილებს. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ამისა ისაა, რომ საკმაოდ რთულია არაფორმალური ინსტიტუციების განსაზღვრა და შემდეგ მათი ხარისხის რაოდენობრივ გამოსახულებაში გაზომვა.

არაფორმალური ინსტიტუციების გაზომვისა და მათი როლის შეფასების­თვის ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს ღირებულებათა კვლევის (World Value Survey)[1] მონაცემთა ბაზები (Knowles and Weatherston 2006; Tabellini 2010). სულ ამ კვლევის ექვსი რაუნდია ჩატარებული, თუმცა აღნიშნული მაჩვენებლების გამოყენება ჩვენი შერჩევის ქვეყნების  ჯგუფთან მიმართებაში შეუძლებელია. მიზეზი ისაა, რომ კვლე­ვის მეექვსე ტალღაც არ მოიცავს მონაცემებს ჩვენი შერჩევის 5 ქვეყნის შესახებ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ  შერჩევაში სულ 15 ქვეყანა გვაქვს, ეს საკმაოდ დიდ რიცხვია.

ინსტიტუციების გაზომვაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდა მას შემდეგ, რაც  შეიქმნა მსოფლიო ბანკის მმართველობის ექვსი  ინდიკატორი. ეს ინდიკატორები დაფუძნებულია 300 სხვადასხვა ცვლადზე და ასახავენ მთავრობებს შორის განსხვავებებს. ინდიკატორებიდან ერთ-ერთია კანონის უზენაესობა (rule of law), რომელიც ზომავს თუ რამდენად აქვთ მოქალაქეებს ნდობა და ემორჩილებიან საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებს (პოლიციას, სასამართლოს და ა.შ.), ასევე ზომავს დანაშაულისა და ძალადობის ალბათობას. ეს მაჩვენებელი სრულად არის დაფუძნებული ქვეყანაში მცხოვრებ ექსპერტთა მოსაზრებებსა და საზოგადოების გამოკითხვაზე იმის შესახებ, თუ როგორ ხდება კანონების აღსრულება პრაქტიკაში. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი შეგვიძლია მივაკუთვნოთ არაფორმალური ინსტიტუციების საზომს. ქვემოთ წარმოდგენილ რეგრესიულ ანალიზში სწორედ ამ ცვლადს გამოვიყენებთ არაფორმალური ინსტი­ტუ­ციების გავლენის შესაფასებლად.

ფორმალური ინსტიტუციების საზომის არჩევისას ჩვენ მივყვებით ასამოღლუს და რობინსონს (Acemoglu and Johnson 2005) და ვისარგებლებთ Polity IV პროექტის მონაცემთა ბაზებში არსებული გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შეზღუდვის საზომით (executive constraint). ეს საზომი თავისი შინაარსით მიეკუთვნება ფორმა­ლური ინსტიტუციების საზომს, რადგან დაფუძნებულია მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტების შესწავლაზე და ასახავს განსხვავებას ქვეყნებში ჩამო­ყალიბებულ (დაწერილ) კანონმდებლობებს შორის.

ინსტრუმენტული ცვლადების მიმოხილვა

ინსტიტუციების მნიშვნელოვნების ემპირიული ანალიზისას ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემა არის ენდოგენურობის პრობლემა,  ანუ სიტუაცია, როცა ამხსნელი ცვლადი იმავდროულად შეიძლება  დამოკიდებული ცვლადიც იყოს. მაგალითად, როცა ვამბობთ რომ ინსტიტუციების ხარისხის გაუმჯობესება იწვევს ერთ სულზე შემოსავლის ზრდას,  შეიძლება ასევე სამართ­ლიანი იყოს მსჯელობა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება იწვევს ინსტიტუციების ხარისხის გაუმჯობესებას, რადგანაც ქვეყანას უფრო მეტი რესურსი უჩნდება ამ ხარისხის გასაზრდელად და უზრუნველსაყოფად. ეკონომიკურ ლიტერატურაში ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე გავრცელებულ გზად ითვლება ინსტრუმენტული ცვლადის გამოყენება. მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თითოეული ენდოგენური ცვლადისთვის უნდა ვიპოვოთ ისეთი ეგზოგენური ცვლადი, რომელიც შედეგობრივ ცვლადზე მხოლოდ ენდოგენურ ცვლადზე ზემოქმედებით ახდენს გავლენას. ანუ ჩვენს მაგალითში, მოსახლეობის შემოსავლებზე ინსტრუმენტული ცვლადი გავლენას მხოლოდ ინსტიტუციების ხარისხზე ზემოქმედებით უნდა ახდენდეს.  

თავისთავად, კარგი ინსტრუმენტული ცვლადების შერჩევა ადვილი არ არის. ამავე დროს, კონკრეტული სიტუაციებისთვის ლიტერატურაში შემოთავაზებულია ინსტრუმენტულ ცვლადთა მეტნაკლებად გამოსადეგი ვარიანტები. ჩვენს შემთხვევაში მივყვებით ბექ და ლაევენს (Beck and Laeven 2006) და რეგრესიულ ანალიზში არაფორმალური ინსტიტუციების ინსტრუმენტულ ცვლადად  გამოვიყენებთ ქვეყნის მიერ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გატარებული წლების რაოდენობას. მიზეზი,  თუ რატომ  ვიყენებთ ამ ინსტრუმენტულ ცვლადს, არის მისი შესაძლო გავლენა საზოგადოების ინდივიდუალურ და კოლექტიურ ბუნებაზე.

გოროდნიჩენკომ და როლანდმა (Gorodnichenko and Roland, 2017) ჩინეთისა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილების შესწავლით აჩვენეს, რომ არსებობს ძლიერი პოზიტიური დამოკიდებულება ინდივიდუალიზმსა და ეკონომიკური ინსტიტუციების სიძლიერეს შორის. დამატებით, ავტორები ავითარებენ მოსაზრებას, რომ ქვეყანაში ინდივიდუალიზმის დონე განისაზღვრება საზოგადოების კულტურული მახასიათებლებით და მსოფლმხედველობით. მაშასადამე, პრაქტიკაში შეიძლება გვქონდეს შემთხვევები, როცა რომელიმე იმპერიის ქვეშ ცხოვრებამ შეიძლება გავლენა იქონიოს საზოგადოების ინდივიდუალიზმის ხარისხზე და შესაბამისად მის ეკონომიკურ განვითარებაზე. ზუსტად ამ შეხედულებას ასახავს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გატარებული წლების რაოდენობის ინსტრუმენტულ ცვლადად გამოყენება. საბჭოთა სისტემის ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრებამ გავლენა იქონია საზოგადოებაში ინდივიდუალიზმის და კოლექტივიზმის ხარისხზე და სახელმწიფოს მიმართ ადამიანების დამოკიდებულებაზე.  ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ გავლენის ხარისხი კორელაციაშია საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროსთან. საბჭოთა კავშირში ყველაფერი სახელმწიფოს საკუთრება იყო და აღარ რჩებოდა სივრცე კერძო ინიციატივებისთვის, მეწარმეობისთვის. შესაბამისად, შესუსტდა საზოგადოებაში ინდივიდუალიზმი და გაძლიერდა კოლექტივიზმი. ასევე, ამ ქვეყნებში მთავრობის როლი არ იყო სწორად აღქმული და მოქალაქე დამოკიდებული  იყო სახელმწიფოზე და მის გადაწყვეტილებებზე (Papava 2005). ამის შედეგი ისაა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნებს გაუჭირდათ მთავრობებისთვის შეზღუდვების დაწესება და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება. ამან შესაბამისი გავლება იქონია ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ზოგიერთ ქვეყნებში სამოქალაქო საზო­გა­დოება დღესაც რჩება მთავრობის ძლიერი წნეხის ქვეშ. შედეგად მივიღეთ ფორმა­ლურად დემოკრატიული ქვეყნები მთავრობების შეუზღუდავი ძალაუფლებით.

მეორე ინსტრუმენტული ცვლადი, რომელსაც რეგრესიულ ანალიზში  ფორმალური ინსტიტუციების ინსტრუმენტად  გამოვიყენებთ, არის ინსტიტუციური გამოცდილება (Institutional Experience). ეს ცვლადი ინსტრუმენტად შემოთავა­ზებულია  იდამისა და გაბრიაძის მიერ  (Eydam and Gabriadze 2018) და  გვიჩვენებს წლების რაოდენობას 1918 წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც ქვეყნები იყვნენ დამოუკიდებელნი. ძირითადი იდეა ისაა, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მართვის და დამოუკიდებელი ინსტიტუციების არსებობის წინა გამოცდილება, რომელიც ქვეყნებს გააჩნიათ საბჭოთა კავშირისგან განსხვავებულ სისტემაში,  შეიძლება გამოსადეგი ყოფილიყო საბჭოთა კავშირის დანგრევის მომენტში. ინსტიტუციური გამოცდილების მქონე ქვეყნებში მოქალაქეებს აქვთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რომ სწრაფად ჩამოაყალიბონ ფუნქციონირებადი ინსტიტუციები და დაუწესონ შეზღუდვები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის ხანგრძლივობა. ლოგიკურია დავუშვათ, რომ ქვეყნები რომლებიც უფრო დიდი ხანი იყვნენ დამოუკიდებლები,  უფრო სწრაფად შეძლებენ მყარი ინსტიტუციების ჩამოყალიბებას საბჭოთა კავშირისგან განსხვა­ვებულ გარემოში. მაგალითის სახით შეგვიძლია განვიხილოთ საქართველო, რომელ­მაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1992 წელს  სცადა აღედგინა 1921 წელს მიღებული კონსტიტუცია, თუმცა საბოლოოდ ეს ვერ შეძლო და მოუწია განახლე­ბული კონსტიტუციის მიღება 1995 წელს. განსხვავებული იყო ბალტიისპირეთის გამოცდილება, სადაც თავიდანვე შეძლეს ადრე არსებული კონსტიტუციის აღდგენა. ასევე აღსანიშნია, რომ ბალტიის ქვეყნებში ეს  ინსტიტუცია  მყარია, მაშინ როცა საქართველოში, კონსტიტუციის მიღების შემდეგაც, უამრავი ცვლილება განხორცი­ელდა ქვეყნის ძირითად კანონში.

ამ ორი ინსტრუმენტული ცვლადის გამოყენებით  ფორმალური და არაფორ­მალური ინსტიტუციების როლის შეფასებას შევეცადეთ პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის. ინფორმაცია მონაცემებზე, მეთოდოლოგია და ემპირიული შედეგები წარმოდგენილია ქვემოთ

მეთოდოლოგია და მონაცემები

რეგრესიული ანალიზისთვის გამოვიყენებთ შემდეგ განტოლებას:

                             ,                                     (1)

სადაც Y არის მთლიანი შიგა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე; F - ფორმა­ლური ინსტიტუციების საზომი; I - არაფორმალური ინსტიტუციების საზომი; X - მოდელში ჩართული სხვა დამოუკიდებელი ცვლადების ვექტორი, ε - შემთხვევითი შეცდომების  წევრი.

ეკონომიკური ზრდის მსგავს რეგრესიებში მწვავედ დგას ენდოგენურიბისა და გამოტოვებული ცვლადების პრობლემა. ენდოგენურობის პრობლემის ინსტრუმენ­ტული ცვლადებით მოგვარების შესახებ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ. რაც შეეხება გამოტოვებული ცვლადის პრობლემას, მოდელში ჩართულმა დამატებითმა ამხსნელმა ცვლადებმა უნდა უზრუნველყოს ამ პრობლემის გადაჭრა.

მოყვანილი რეგრესიით ანალიზს ორ ეტაპად განვახორციელებთ.  პირველ ეტაპზე განტოლება (1)-ს შევაფასებთ  მხოლოდ ქვეყნების შესახებ არსებულ ჯვარედინი მონაცემებით. მეორე ეტაპზე, დაგროვილი ინფორმაციის სრულად გამოყენების მიზნით, (1)-ის პარამეტრებს შევაფასებთ პანელურ მონაცემებზე დაყრდნობით.

მოდელის შეფასებისას შედეგობრივ ცვლადად ვიყენებთ  მსყიდველობითი უნარის პარიტეტით შესწორებულ მთლიან შიგა პროდუქტს მოსახლეობის ერთ სულ­ზე, რომელიც აღებულია მსოფლიო ბანკის მსოფლიოს განვითარების ინდიკატორე­ბიდან და წარმოადგენს  ქვეყნების ცხოვრების დონის საზომს.  ეს ცვლადი საშუალე­ბას გვაძლევს, შევადაროთ ერთმანეთს ქვეყნები განვითარების დონეების მიხედვით და, ამავდროულად, გავითვალისწინოთ  მათში არსებული ფასთაშორისი განსხვავე­ბები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.  

არაფორმალური ინსტიტუციების საზომად ვიყენებთ კანონის უზენაესობის ინდექსს მსოფლიო ბანკის მსოფლიოს მმართველობის ინდიკატორებიდან, რომელიც განავითარეს დენიელ კაუფმანმა და სხვებმა (Kaufmann, Kraay, and Mastruzzi 2010). ეს მაჩვენებელი მერყეობს -2,5-დან 2,5-მდე ისე, რომ მისი ზრდა ნიშნავს ინსტიტუციების ხარისხის გაუმჯობესებას.

ფორმალური ინსტიტუციების გასაზომად ვიყენებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შეზღუდვის მაჩვენებელს Polity IV პროექტის ბაზიდან. ეს მაჩვენებელი ასახავს ქვეყნების კანონმდებლობებს შორის  განსხვავებას და გვიჩვენებს,  რა დონით ხდება  ქვეყნებში პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირების შეზღუდვა. მაჩვენებელის მნიშვნელობა  მერყეობს 1-დან 7-მდე; ციფრი 1 ნიშნავს რომ დაწესებულია ძალიან კარგი კონტროლი, 7 კი ნიშნავს რომ ქვეყანაში თითქმის არ არსებობს გადაწყვე­ტილების მიმღებ პირთა კონტროლის მექანიზმები.

ძალმოსილი შეფასებების მისაღებად ჩვენს მიერ შეფასებულ რეგრესიაში არაფორმალური ინსტიტუტების ინსტრუმენტულ ცვლადად განიხილება  შერჩევაში შემავალი  ქვეყანების მიერ  საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გატარებული წლე­ბის რაოდენობა, ხოლო  ფორმალური  ინსტიტუტების ინსტრუმენტულ ცვლადად კი  - ინსტიტუციური გამოცდილება ანუ წლების რაოდენობა, რომლის განმავლობაშიც ქვეყანა იყო დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფო საბჭოთა კავშირში შესვლამდე.  გარდა ამისა, შეფასებათა ძალმოსილების უზრუნველსაყოფად რეგრე­სიებში დამატებით ჩავრთეთ სხვადასხვა ამხსნელი ცვლადი, რომლებიც, ჩვენი აზრით,  გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხარისხზე. მათ რიცხვში შედის  სხვადასხვა ეკონომიკური და გეოგრაფიული  ცვლადი. უფრო კონკრეტულად, ეკონომიკურ ცვლადებად ვიყენებთ  რესურსებს, როგორც   ქვეყნის სიმდიდრის მაჩვენებელს (de Melo et al. 2001) და ქვეყნის გახსნილობას, რომელსაც ვზომავთ სავაჭრო ბრუნვის წილით მთლიან შიგა პროდუქტში; გეოგრაფიულ ცვლადებად კი ვიყენებთ მანძილს ეკვადორიდან (La Porta et al. 1999) და ქვეყნისთვის ზღვაზე გასავლელის (CIA World Factbook webpage) არსებობას ან არ არსებობას. აღსანიშნავია, რომ  ყველა ეს საკონტროლებელი ცვლადი სხვადასხვა მკვლევარის მიერ ფართოდ გამოიყენება ეკონომიკური ზრდის რეგრესიებში (Acemoglu and Johnson 2005; Beck and Laeven 2006; de Melo et al. 2001; La Porta et al. 1999; Schönfelder and Wagner 2016).

შედეგები

ცხრილი 1-ში წარმოდგენილია 2016 წლის ჯვარედინი მონაცემების გამოყენ­ებით შეფასებული მოდელის ექვსი განსხვავებული სპეციფიკაციის შედეგები. ეს სპეცი­ფიკაციები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ამხსნელი ცვლადების შემადგენ­ლო­ბით, ხოლო დამოკიდებული ცვლადი ყველა მათგანში არის მთლიანი შიგა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე. პირველ ორ სვეტში წარმოდგენილი მოდელები გვიჩვენებს დამოკიდებულებას კანონის უზენაესობასა და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებს შორის. პირველისგან განსხვავებით, მეორე მოდელში ჩართული გვაქვს დამატებითი საკონტროლებელი ცვლადები. ორივე ამ მოდელის მიხედვით, კანონის უზენაესობის კოეფიციენტი მნიშვნელოვანია 5%-იან დონეზე. მომდევნო ორ სვეტში ამხსნელ ცვლადად, კანონის უზენაესობის ნაცვლად, გამოყენებულია გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე დაწესებული შეზღუდვები. ამ რეგრესიებიდან პირველში კოეფიციენტი არაა მნიშვნელოვანი და აქვს არამოსალოდნელი ნიშანი. მოდელში დამატებითი ამხსნელი ცვლადების ჩართვით შეზღუდვის კოეფიციენტი მაინც არამნიშვნელოვანია, თუმცა აქვს მოსალოდნელი ნიშანი.

ცხრილის ბოლო ორი მოდელი გვიჩვენებს ორივე ცვლადის მოდელში ერთდროულად ჩართვისას მიღებულ შედეგებს. ორივე ამ რეგრესიაში კანონის უზენაესობისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შეზღუდვის კოეფიციენტებს აქვს მაღალი მნიშვნელოვნების ხარისხი. კერძოდ, კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია 1%-იან დონეზე, ხოლო შეზღუდვა 5%-იან დონეზე.

როგორც მეთოდოლოგიურ ნაწილში აღვნიშნეთ, ცხრილ 1-ში მოცემული რეგრესიების შედეგების ინტერპრეტაციისას უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგან ამ მოდელებში გვაქვს ენდოგენურობის პრობლემა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოვიყენებთ ინსტრუმენტული ცვლადის მიდგომას.

ცხრილი 2 გვიჩვენებს ინსტრუმენტული ცვლადების გამოყენებით მიღებული რეგრესიების შედეგებს. კანონის უზენაესობის ინსტრუმენტად გამოყენებულია საბჭოთა კავშირში წევრობის წლები. გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე დაწესებული შეზღუდვების ინსტრუმენტად კი დამოუკიდებლობის წლები. როგორც რეგრესიებიდან ჩანს, კანონის უზენაესობას მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი აქვს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების განსაზღვრაში, მაშინ როცა გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე დაწესებული შეზღუდვის კოეფიციენტი, თითქმის ყველა სპეციფიკაციაში, არამნიშვნელოვანია. მაშასადამე, რეგრესიის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოცემულ ქვეყნებში ცხოვრების დონეებს შორის განსხვავებას ძირითადად არაფორმალურ ინსტიტუციებს შორის განსხვავება განაპირობებს. ცხრილ 2-ში წარმოდგენილ რეგრესიებთან დაკავშირებით ყველა სტანდარტული ტესტი გვიჩვენებს, რომ ჩვენი ინსტრუმენტები ვალიდურია.

ჯვარედინი მონაცემებით შეფასებული რეგრესიის მოდელების შედეგების ინტერპრეტაციისას გარკვეული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რადგან აღნიშნულ რეგრესიებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა  დაკვირვებათა რიცხვის სიმცირეა. აღნიშნულის გამო ცხრილ 1-სა და ცხრილ 2-ში მოყვანილ  მოდელებს ჩვენ განვი­ხილავთ როგორც საბაზისო ვარიანტებს, რომლებიც  გარკვეულ საწყის წარმოდგენას გვიქმნიან   დამოკიდებულ და ამხსნელ ცვლადებს შორის არსებულ კავშირზე.

დაკვირვებათა რიცხვის სიმცირის პრობლემის აღმოსაფხვრელად და წლების მანძილზე დაგროვილი ინფორმაციის სრულად გამოყენების მიზნით, ანალიზში ჩავრთეთ  პანელი,  რომელიც შეიცავს 15 ქვეყნის მონაცემებს  1996 წლიდან 2016 წლის ჩათვლით.

ცხრილ 3-ში წარმოდგენილია ამ მონაცემებით შეფასებული რეგრესიების შედეგები. აღსანიშნავია, რომ შეფასებისას გამოვიყენეთ შემთხვევითი ეფექტების (Random Effects) მეთოდი, რომელიც დროში არაცვალებადი არადაკვირვებადი ეფექტების  გათვალისწინების საშუალებას გვაძლევს. გარდა ამისა, დაკვირვებათა რიცხვის გაზრდამ მოდელში დამატებითი ამხსნელი ცვლადების ჩართვის  საშუალება მოგვცა. კერძოდ, ჯვარედინ რეგრესიებში გამოყენებულ საკონტროლებელ ცვლადებთან ერთად გავითვალისწინეთ  ასევე პირველადი მასალების (ბუნებრივი რესურსების) ექსპორტის წილი მთლიან შიგა პროდუქტში და ქვეყნების ზღვაზე ხელმისაწვდომობის (landlocked) სტატუსი. ჯვარედინი რეგრესიების მსგავსად, პანელურ რეგრესიებშიც ვიყენებთ ინსტრუმენტული ცვლადის მიდგომას. როგორც ცხრილ 3-იდან ჩანს, განხილულ რეგრესიებიდან უმრავლეს შემთხვევაში (პირველი, მე-2 და მე-5 რეგრესია) კანონის უზენაესობას საკმაოდ ძლიერი დადებითი გავლენა აქვს შედეგობრივ ცვლადზე (ერთ სულზე გაანგარიშებულ შემოსავლებზე). ამავე დროს,   გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე დაწესებული შეზღუდვის აღმნიშვნელი ცვლადი  ორ მოდელში (მე-3 და მე-4) სტატისტიკურად  მნიშვნელოვანი არ არის, ხოლო ერთ მოდელში (მე-5 მოდელი) არამოსალოდნელი ნიშნის მქონეა. ცხრილში წარმოდგენილი რეგრესიები ასევე გვიჩვენებენ, რომ მანძილს ეკვადორიდან და პირველადი მასალების ექსპორტს ძლიერი გავლენა აქვს შედეგობრივ ცვლადზე.

დასკვნა

დასასრულს შეგვიძლა ვთქვათ, რომ  როგორც ჯვარედინი ასევე პანელური მონაცემების რეგრესიებით ჩატარებულმა  კვლევამ  ძირითადად დაადასტურა  ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის განსხვავების ახსნაში საკვანძო როლს თამაშობს განსხვავება არაფორმალურ ინსტიტუციებს შორის. აქედან პირდაპირ გამომდინარეობს  რეკომენდაცია:  თუ  ქვეყნებს სურთ, რომ   ფორ­მა­ლურ ინსტიტუციებში განხორციე­ლებულმა ცვლილებებმა რეალურად იმუშაოს პრაქტიკაში,   მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ არსებული არაფორმალური ინსტიტუციები. ასევე გასათვალის­წინებელია, რომ ეს ორი ინსტიტუცია ერთმანეთზე გამუდმებით ზემოქმედებს და ამ ურთიერთკავშირით განისაზღვრება ინსტიტუციების საბოლოო სახე. თუმცა, როგორც დუგლას ნორთი აღნიშნავს, ერთია აღწერო ეკონომიკური ცვლილებები,  მეორეა   გამოწერო სწორი რეცეპტი იმისათვის, თუ როგორ შეცვალო პრაქტიკაში ინსტიტუციები უკეთესობისკენ, რათა მათმა გაუმჯობესებულმა ხარისხმა უზრუნველყოს ქვეყნის სწრაფი განვითარება. მიგვაჩნია, რომ  საჭიროა კვლევების გაგრძელება ინსტიტუციების ცვლილების განმსაზღვრელი ფაქტორების მიმართულებით. ასევე საჭიროა იმის ანალიზი, თუ როგორ იღებს საზოგადოება გადაწყვეტილებას ინსტიტუციების ცვლილებასთან დაკავშირებით და რა ფაქტორები თამაშობენ   გადამწყვეტ როლს ამ პროცესში.

გამოყენებული ლიტერატურა

Acemoglu, Daron. 1995. “Reward Structures and the Allocation of Talent.” European Economic Review.

Acemoglu, Daron, and Simon Johnson. 2005. 113 Journal of Political Economy Unbundling Institutions. https://economics.mit.edu/files/4467 (September 13, 2018).

Acemoglu, Daron, Simon Johnson, and James A Robinson. 2001. “The Colonial and Origins of Comparative and Development: An and Empirical Investigation.” American Economic Review 91(5): 1369–1401.

———. 2005. “Institutions as a Fundamental Cause of Long-Run Growth.” In Handbook of Economic Growth, eds. Philippe Aghion and Steven N Durlauf. Elsevier.

Alchian, A.A. 1965. “Some Economics of Property Rights.” In Economic Forces at Work,.

Alchian, Armen A., and Harold Demsetz. 1973. “The Property Right Paradigm.” The Journal of Economic History.

Angeles, Luis. 2011. “Institutions, Property Rights, and Economic Development in Historical Perspective.” Kyklos.

Beck, Thorsten, and Luc Laeven. 2006. “Institution Building and Growth in Transition Economies.” Journal of Economic Growth 11(2): 157–86. http://dx.doi.org/10.1007/s10887-006-9000-0.

Cass, David. 1965. “Optimum Growth in an Aggregative Model of Capital Accumulation.” The Review of Economic Studies 32(3): 233. https://academic.oup.com/restud/article-lookup/doi/10.2307/2295827 (September 26, 2018).

Cheung, Steven N S. 1983. “The Contractual Nature of the Firm.” The Journal of Law & Economics 26(1): 1–21. http://www.jstor.org/stable/725182.

Coase, R. H. 1937. “The Nature of the Firm.” Economica.

Eydam, Ulrich, and Irakli Gabriadze. 2018. “Institutional Development in Transition Economies - The Role of Institutional Experience.” https://mpra.ub.uni-muenchen.de/87395/ (September 22, 2018).

Glaeser, Edward L., Rafael La Porta, Florencio Lopez-de-Silanes, and Andrei Shleifer. 2004. “Do Institutions Cause Growth?” Journal of Economic Growth.

Gorodnichenko, Yuriy, and Gerard Roland. 2017. “Culture, Institutions, and the Wealth of Nations.” Review of Economics and Statistics.

Hodgson, Geoffrey. 2006. “What Are Institutions?” Journal of Economic Issues.

Jütting, Johannes. 2003. Institutions and Development: A Critical Review. https://ideas.repec.org/p/oec/devaaa/210-en.html.

Kähkönen, Satu, and P. Meagher. 2002. “Contract Enforcement and Economic Performance.” Journal of African Finance and Economic Development.

Kaufmann, Daniel, Aart Kraay, and Massimo Mastruzzi. 2010. “The Worldwide Governance Indicators : Methodology and Analytical Issues.” World Bank Policy Research Working Paper (5430).

Knack, Stephen, and Philip Keefer. 1995. “Institutions and Economic Performance: Cross-Country Tests Using Alternative Institutional Measures.” Economics and Politics 7(3): 207–27.

Knowles, Stephen, and Clayton Weatherston. 2006. “Informal Institutions and Cross-Country Income Differences.” Credit Research Paper.

Koopmans, Tjalling. 1963. On the Concept of Optimal Economic Growth. https://econpapers.repec.org/RePEc:cwl:cwldpp:163.

Leblang, David A. 1996. “Property Rights, Democracy and Economic Growth.” Political Research Quarterly.

de Melo, Martha, Cevdet Denizer, Alan Gelb, and Stoyan Tenev. 2001. “Circumstance and Choice: The Role of Initial Conditions and Policies in Transition Economies.” World Bank Economic Review 15(1): 1–31.

North, Douglass C., and Robert Paul Thomas. 1973. “The Rise of the Western World:” A New Economic History, Cambridge, Cambridge University Press.

North, Douglass C. 1991. “Institutions.” Journal of Economic Perspectives.

North, Douglass Cecil. 1990. “Institutions, Institutional Change, and Economic Performance.” Economic Perspective.

Papava, Vladimer. 2005. NECROECONOMICS: THE POLITICAL ECONOMY OF POST-COMMUNIST CAPITALISM (Lessons from Georgia).

La Porta, Rafael, Florencio Lopez-de-Silanes, Andrei Shleifer, and Robert Vishny. 1999. “The Quality of Government.” Journal of Law, Economics and Organization.

Roland, Gerard. 2004. “Slow-Moving Institutions.” Studies in Comparative International Development 38(4): 109–31.

Schönfelder, Nina, and Helmut Wagner. 2016. “Impact of European Integration on Institutional Development.” Journal of Economic Integration 31(3): 472–530.

Solow, Robert M. 1956. “A Contribution to the Theory of Economic Growth.” The Quarterly Journal of Economics 70(1): 65–94.

Stone, a., B. Levy, and R. Paredes. 1992. Policy Research Working Paper Series, the World Bank Public Institutions and Private Transactions: The Legal and Regulatory Environment for Business Private Transactions in Brazil and Chile.

Tabellini, Guido. 2010. “Culture and Institutions: Economic Development in the Regions of Europe.” Journal of the European Economic Association 8(4): 677–716. https://academic.oup.com/jeea/article-lookup/doi/10.1111/j.1542-4774.2010.tb00537.x (September 22, 2018).



[1] World Values Survey: Round Six - Country-Pooled Datafile Version: www.worldvaluessurvey.org/WVSDocumentationWV6.jsp. Madrid: JD Systems Institute